ლევან იოსელიანი: პენიტენციური დაწესებულების ვიდეომასალა ჯერ კიდევ 2025 წლის 26 დეკემბერს დავათვალიერეთ და მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ. იმ პერიოდში არც მის ადვოკატს, არც მას ჩვენ მიმართ რაიმე ტიპის პრეტენზია არ გამოუთქვამთ
სამართალი

ლევან იოსელიანი
ფოტო: Facebook
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მხრიდან მიმართვის დღესვე შეისწავლეს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაღებული ვიდეომასალა და მასში არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახეს.
მისივე თქმით, მსჯავრდებული ასევე მიუთითებდა ბადრაგის მხრიდან შეურაცხყოფაზე, გინებაზე და ამასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართეს, რის შემდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
„ჩვენ მსჯავრდებულმა დავითაძემ [2025 წლის] 20-21 დეკემბრის ინციდენტთან დაკავშირებით 26 დეკემბერს მოგვმართა. როგორც თავად განმარტავდა, სავარაუდოდ, მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, მათ შორის, გაუპატიურების მუქარას. იმავე დღეს ჩვენ სრულად დავათვალიერეთ როგორც 20, ისე 21 დეკემბრის მასალა პენიტენციურ დაწესებულებაში და ამდაგვარი ქმედების ამსახველი მტკიცებულება ნანახი ვერ იქნა. გარდა ამისა, მან პერიოდულად სხვა საკითხებზეც მოგვმართა, მათ შორის ივნისში, კიდევ ერთხელ ახსენა სექსუალური ხასიათის დანაშაული. ჩვენ მიერ უკვე გამოკვლეული იყო ეს პერიოდი და იმავე პერიოდს მიუთითებდა. შესაბამისად, მას ადვოკატის თანდასწრებით განემარტა, რა სამუშაოები იქნა გაწეული სახალხო დამცველის და მისი აპარატის მიერ, რა იქნა ნანახი და იმ პერიოდში არც მის ადვოკატს, არც მას ჩვენ მიმართ რაიმე ტიპის პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ის ასევე მიუთითებდა ბადრაგის მხრიდან შეურაცხყოფაზე, გინებაზე და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს.





