სომხეთში პატიმრობამისჯილი ქართველი ექსტრადირების დაჩქარებას ითხოვს
სამართალი

ავთანდილ მარტიაშვილი
ფოტო: 1tv
სომხეთში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქე ავთანდილ მარტიაშვილი ექსტრადირების პროცედურების დაჩქარებას ითხოვს. ამის მიზეზად ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ასახელებს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ავთანდილ მარტიაშვილს სომხეთის სასამართლომ 17-წლიანი პატიმრობა ნარკოდანაშაულისთვის მიუსაჯა.
"იქნებ, როგორმე ხმა მიაწვდინოთ საქართველოს პროკურატურას, უკვე ოთხი თვეა, სომხეთის მხარემ გადმოუგზავნა საბუთები ექსტრადირების შესახებ, რასაც საქართველოდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ჯანმრთელობა ძალიან გაუარესებული მაქვს. დიაბეტის გამო, განგრენა მეწყება. არავითარ ყურადღებას არ მაქცევენ. ერთი წელი, საავადმყოფოში ვწევარ", – ამბობს ავთანდილ მარტიაშვილი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ავთანდილ მარტიაშვილი საქართველოში რეგისტრირებულმა თურქულმა კომპანიამ მძღოლად დაიქირავა. 2013 წელს, ერთ-ერთი გადაზიდვის დროს, სომხეთ-ირანის საზღვარზე, მარტიაშვილის ავტომობილი გააჩერეს და მასში ერთ ტონამდე ჰეროინი აღმოაჩინეს. მარტიაშვილი ადგილზე დააკავეს, მისი დამქირავებელი თურქეთის მოქალაქე ოსმან უღურლუ კი, მიიმალა, თუმცა მალე დააკავეს და ბრალი აღიარა. ასევე, ითქვა, რომ ქართველმა მძღოლმა ნარკოტიკის არსებობის შესახებ არ იცოდა. მიუხედავად ამისა, მარტიაშვილს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ ექსტრადირების პროცედურები დაწყებულია.





