სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი მამაკაცი დააკავეს
სამართალი

ვიდეო/კადრი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური რეჟიმით ჩატარებული საპოლიციო
ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, განსაკუთრებით
მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის
მცდელობის ფაქტებზე იძებნებოდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრები
მამა-შვილი დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიების ფარგლებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ძებნილის ოთხი ნათესავიც დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ ისინი ბრალდებულს მიმალვაში ხელს უწყობდნენ.
გარდა ამისა, დაკავებულს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ძმასთან ერთად,
2024 წელს სამეგრელოს რეგიონში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაუსწრებლად აქვს მისჯილი 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც
20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





