ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი ინიციატივის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, 116 ნერგი დაირგო
რეგიონი

ფოტო: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი ინიციატივის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, 116 ნერგი დაირგო.
კიცხის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი შეუერთდა. მან პირველკლასელებთან ერთად ნერგები საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან მარინა ვეფხვაძესთან, საკრებულოს წევრ ამირან ოქრომჭედლიძესთან , საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საჯარო სკოლის წარმომადგენლებთან ერთად დარგო.
კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, ინიციატივა მნიშვნელოვანია ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ადრეული ასაკიდან ჩამოყალიბებისთვის.
„დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში ხეების დარგვის აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პირველკლასელებმა მიიღეს. ბავშვებისთვის ეს განსაკუთრებული დღეა — ისინი დიდი სიხარულით ჩაერთნენ პროცესში და საკუთარი ხელით დარგეს პირველი ნერგები.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა მხოლოდ ერთდღიანი აქტივობა არ არის. ბავშვები პრაქტიკულად ეზიარებიან ბუნებაზე ზრუნვის კულტურას, ხოლო წლების შემდეგ, როდესაც სკოლას დაუბრუნდებიან, მათ მიერ დარგული ხეები ამ დღეს და პირველ სასკოლო გამოცდილებას გაახსენებთ.
მოხარული ვარ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ამ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს“, — განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
დღესვე, მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან ერთად, პირველკლასელების თანამონაწილეობით, ნერგები ვაშლევისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლების ეზოებშიც დარგო.
გარემოსდაცვითი ინიციატივა „ჩემი პირველი ნერგი“ მთავრობის ინიციატივით ხორციელდება. ქვეყნის მასშტაბით მასში 41 000-ზე მეტი პირველკლასელია ჩართული. ნერგების დარგვის პროცესი 22 ოქტომბერს დაიწყო და 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
პროგრამისთვის შერჩეულია 12 სახეობის ნერგი, რომელთა შერჩევისას გათვალისწინებულია რეგიონების ბუნებრივი და კლიმატური პირობები.
ინიციატივის მიზანია, მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებასთან უშუალო ურთიერთობის წახალისება და გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ადრეული ასაკიდან ჩამოყალიბება.





