ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე და მწვანე ტბაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძისა და მწვანე ტბის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე დანისპარაული-ველათი-მწვანე ტბის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო.
მწვანე ტბასთან დასრულდა 350-მეტრიანი მისასვლელი საავტომობილო გზისა და დაახლოებით 90-მეტრიანი ბილიკის მოწყობა. ასევე დაგეგმილია ტბის ირგვლივ ერთკილომეტრიანი ბილიკის გაკეთება.
მთავრობის თავმჯდომარე მწვანე ტბაზე ტურისტებსაც გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მაღალმთიანი აჭარა ოთხივე სეზონზე საინტერესო ადგილია, ხოლო მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები სტუმართა მომსახურების პირობების გაუმჯობესებას, ტურისტული შეთავაზებების გამრავალფეროვნებასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.
ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება კურორტ გოდერძიზეც. წელს დასრულდება საგამოფენო სივრცის, ავტოსადგურისა და ღია პარკინგის მოწყობა. მიმდინარეობს 500-მეტრიანი შიდა გზის რეაბილიტაციაც. წელსვე დასრულდება სათხილამურო ტრასის ღამის განათების პროექტირება და კურორტის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად დამატებითი წყლის რეზერვუარის მშენებლობა.
დასკვნით ეტაპზეა დანისპარაული-ველათი/მწვანე ტბის გზის რეაბილიტაციაც. 6,2-კილომეტრიან მონაკვეთზე არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარი გაკეთდა. დარჩენილი სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. გზა სოფელ დანისპარაულს მწვანე ტბასა და გოდერძის უღელტეხილთან აკავშირებს, რაც გააუმჯობესებს ადგილობრივებისა და ტურისტების გადაადგილების პირობებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, კურორტ გოდერძის დირექტორი ფრიდონ პაპიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.





