ასურეთში აღდგენილ გერმანულ ეკლესიაში საგამოფენო სივრცე მოეწყობა
რეგიონი

ფოტო: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
ასურეთში აღდგენილ გერმანულ ეკლესიაში საგამოფენო სივრცე მოეწყობა. აქ, თავისი მარშრუტის ფარგლებში, ძალიან ბევრი გერმანელი ჩამოდის, მაგრამ ჩვენი ამოცანა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, იქნება ამ მარშრუტის პოპულარიზაცია იმისთვის, რომ რეგიონებში უფრო მეტი ტურისტი ვიხილოთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ესაა ასურეთის რეაბილიტაციის პირველი, საწყისი ეტაპი. მოგეხსენებათ, გერმანიიდან ტურიზმი არის ერთ-ერთი მზარდი სეგმენტი და შარშან, დაახლოებით 30%-ზე მეტით გაიზარდა გერმანიიდან ვიზიტორთა რაოდენობა. გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეს ნაკადი კიდევ უფრო გაიზარდოს ისეთ ისტორიულ ადგილებში, როგორიცაა ასურეთი. აქ ჩატარდა ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, სრულად აღდგა ეკლესია, რომელიც იყო დანგრეული, აღდგა გერმანელების სასაფლაო და, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მოეწყო ის საბაზისო ინფრასტრუქტურა, საკანალიზაციო ქსელი უშუალოდ ამ ცენტრალურ უბანში, გამწმენდი ნაგებობა, წყლის გაყვანილობა, თუმცა აქ წყლის პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს. ამას უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ, ისევე, როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებში. სახელმწიფოს დახმარებით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მეშვეობით, ადგილობრივ მოსახლეობას უფრო თამამად, მარტივად შეეძლება ისარგებლოს ყველა სუბსიდირების პროგრამით. ასევე, მინდა აღვნიშნო ანტიკრიზისული პაკეტის ნაწილი: გრანტები, რომელიც, მათ შორის, ასურეთის მოსახლეობისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





