საქართველოს საჰაერო სივრცეში Boeing 737-8 MAX-ის ფრენები შეჩერდა
პოლიტიკა

ფოტო: Shutterstock
საქართველოს საჰაერო სივრცეში „ბოინგ 737-8 მაქსისა“ და „737-9 მაქსის“ ფრენები შეჩერდა. ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, „მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) დროებით შეაჩერა „ბოინგ 737-8 მაქსისა“ და „737-9 მაქსის“ ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში. გადაწყვეტილება ძალაშია მიმდინარე წლის 13 მარტიდან.
"სააგენტო თვალყურს ადევნებს ამერიკის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გამოშვებულ უსაფრთხოების მითითებებს და დირექტივებს. „ბოინგ 737 მაქსის“ ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში იზღუდება დროებით, ვიდრე საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, საავიაციო შემთხვევის მოკვლევის ორგანოებს, შესაბამის საავიაციო ხელისუფლებებს და მწარმოებელ კომპანიას არ ექნებათ უფრო მეტი ინფორმაცია და მოკვლევის პირველადი შედეგები ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესახებ.
აქვე, ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში „ბოინგ 737 მაქსის“ ტიპის საჰაერო ხომალდი არ ირიცხება. დროებითი შეზღუდვა საჰაერო მიმოსვლაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს“, – წერია სააგენტოს განცხადებაში.
ევროკავშირმა Boeing 737 Max 8-ისთვის საჰაერო სივრცე დროებით დახურა. ეთიოპიური ავიახაზების ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 35 ქვეყნის 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო. ავიაკატასტროფისას არავინ გადარჩენილა.





