დარგობრივმა კომიტეტმა საპენსიო რეფორმის პროექტს მხარი არ დაუჭირა
პოლიტიკა
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ახალ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი არ დაუჭირა.
ახალი პროექტი დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, თუმცა კომიტეტმა რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ დაასკვნა, რომ პროექტი მოუმზადებელია და ამ სახით მას კომიტეტი მხარს არ დაუჭერს.
დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პროექტის პრეზენტაცია 1 ოქტომბერს გაიმართა. რეფორმის ფარგლებში მომავალი პენსიისთვის თანხის წიანასწარ შეგროვება დასაქმებულებისთვის სავალდებულო ხდება. ისინი ხელფასიდან 2%-ს იხდიან, ამ თანხას კიდევ 2%-ს დამსაქმებელი, კიდევ ორს კი სახელმწიფო უმატებს.
2018 წლის მესამე კვარტლიდან კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს. პროექტი ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.





