მაკა ბოჭორიშვილი: ისევ ისმის მორიგი მუქარები საქართველოსა და ქართული საზოგადოების მიმართ, რომ შესაძლოა, მოხდეს სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება ევროკავშირის მხრიდან. ვნახოთ, რა განხილვა იქნება იანვარში და როგორი პოზიციით წარდგებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთან დაკავშირებით
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ისევ ისმის მორიგი მუქარები საქართველოსა და ქართული საზოგადოების მიმართ, რომ შესაძლოა, მოხდეს სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება ევროკავშირის მხრიდან. ვნახოთ, რა განხილვა იქნება იანვარში და როგორი პოზიციით წარდგებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებსა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე საუბრისას.
მისივე თქმით, დღეს ფაქტია, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნები არ ამართლებენ ბრიუსელის დამოკიდებულებას საქართველოსთან მიმართებაში და რომ გაბუტვის პოლიტიკა არავისთვის შედეგის მომტანი არ არის, უმრავლესობა ამას აცნობიერებს და საქართველოსთან დიალოგისა და ჩართულობის პოლიტიკას ემხრობიან.
„შესაბამისად, ვნახოთ, როგორი იქნება განხილვა იანვარში. წინასწარ რთულია პროგნოზების გაკეთება, რა იქნება აქტუალური დღის წესრიგი, თუმცა კონტექსტი, რა კონტექსტშიც გვესმის იანვარში დაპირებული განხილვები, ნამდვილად არ არის პოზიტიური და არ ქმნის პოზიტიურ მოლოდინს, როდესაც ეს გვესმის ბრიუსელის კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატების მიერ ქართველი ხალხის სახელით გაკეთებულ განცხადებებს არაფერი აქვს საერთო მეგობრობასთან, ქართველი ხალხის სიყვარულთან და პატივისცემასთან.





