სუბარი 2007 წლის ნოემბრის მოვლენებზე: მაშინ ყველა გავლენიანი „ენჯეო“ შეკრებილი იყო ჩემს ოფისში, წერდნენ განცხადებას, რომ ეს დღე დაეგმოთ. ყველას ვუთხარით, რომ „იმედთან“ უნდა მივსულიყავით, თუ გვინდოდა, რომ დაგვეცვა და არცერთი არ გამოგვყვა - უფლებადამცველები, რომლებიც იქ უნდა ყოფილიყვნენ და საკუთარი თვალით დაენახათ რა ხდებოდა, არცერთი მათგანი ოფისიდან არ განძრეულა
პოლიტიკა

ფოტო: ვიდეოკადრი
მაშინ ყველა გავლენიანი „ენჯეო“ შეკრებილი იყო ჩემს ოფისში. წერდნენ განცხადებას, რომ ეს დღე დაეგმოთ. ყველას ვუთხარით, რომ „იმედთან“ უნდა მივსულიყავით, თუ გვინდოდა, რომ დაგვეცვა და არცერთი არ გამოგვყვა - უფლებადამცველები, რომლებიც იქ უნდა ყოფილიყვნენ და საკუთარი თვალით დაენახათ რა ხდებოდა, არცერთი მათგანი ოფისიდან არ განძრეულა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 2007 წლის ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით.
„ამბობთ, რომ მაშინ „იმედთან“ ბევრი ხალხი მოვიდა. მე გეტყვით, ვინ არ მოვიდა. მაშინ ყველა გავლენიანი „ენჯეო“ შეკრებილი იყო ჩემს ოფისში და წერდნენ რაღაც განცხადებას, რომ დაეგმოთ ეს დღე. მე და გიორგი ჩხეიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ერთად ვიყავით, ბრიტანეთის ელჩთან ამ საკითხებზე ვმსჯელობდით და როცა დავინახეთ, რომ „იმედთან“ რაღაც ხდებოდა, ჯერ დარბევა არ იყო დაწყებული, ელჩს დავემშვიდობეთ, ოფისში მივედით და ყველას ვუთხარით, რომ ყველანი „იმედთან“ უნდა მივსულიყავით, თუ გვინდოდა, რომ „იმედი“ დაგვეცვა და არცერთი კაცი არ გამოგვყვა. მარტო მე და გიორგი ჩხეიძე მოვედით „იმედთან“ და ვითხოვდით, რომ შევეშვით. ამ მოთხოვნის შემდეგ დაიწყეს გაზის ყუმბარების სროლა და მე მოვიწამლე. იმ დღეს ჩემთვის მე-6 თუ მე-7 მოწამვლა იყო. უფლებადამცველები, რომლებიც იქ უნდა ყოფილიყვნენ და საკუთარი თვალით დაენახათ რა ხდებოდა, არცერთი მათგანი ოფისიდან არ განძრეულა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.





