ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურად განულებულია, დღევანდელი დღე ამის უტყუარი მტკიცებულებაა - პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის პრეტენზია დღემდე აქვთ, ხალხის სახელითაც ლაპარაკობენ, მაგრამ საზოგადოებისთვის რომ სრულიად მიუღებლები არიან, ამ რეალობის აღიარება არ სურთ - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
პოლიტიკა

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
გვარამიას ხალხის მდინარეები თბილისშიც დაშრა. რადიკალების უკანასკნელი გასეირნება - კიდევ ერთი აქცია, რომელიც დააანონსეს, მაგრამ რომლის გარშემოც მობილიზების პრობლემა თავად ორგანიზატორებს შეექმნათ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, რადიკალებმა გაერთიანება აქაც ვერ შეძლეს.
„მთელი კვირის განმავლობაში გვესმოდა განცხადებები, მოწოდებები და პოლიტიკური აქტიურობის დემონსტრირების მცდელობები, თუმცა დღეს, როდესაც საქმე რეალურ შეკრებაზე მიდგა, შედეგი თავად შეგიძლიათ ნახოთ. აქციას აანონსებენ, მაგრამ ხალხის შეკრება ვერ მოახერხეს - მათ რიგებში მხარდამჭერები აღარ დარჩნენ. მეტიც, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თავად ორგანიზატორების მობილიზების უნარიც.
გვარამიამ სტატუსიც კი დაწერა, ბევრნი უნდა ვიყოთ დღეს და დასაწყისი უნდა იყოს შთამბეჭდავიო. სავარაუდოდ, გარე პატრონებისთვის უნდოდათ ეჩვენებინათ ძალა, მაგრამ კიდევ ერთხელ, გარეთაც და შიგნითაც, საკუთარი უძლურება აჩვენეს.
ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურად განულებულია, დღევანდელი დღე ამის უტყუარი მტკიცებულებაა, მანამდე იყო IRI-ის საბედისწერო კვლევის შედეგებიც, რომელიც თავად დაუკვეთეს და შედეგები რომ არ მოეწონათ, დამალვა სცადეს.
ხედავთ კადრებს პირდაპირ ეთერში. ეს არის რეალური სურათი, რომელსაც რადიკალებთან აფილირებული ტელეარხებიც კი ვერ შეალამაზებენ და რეალობას ვერ გადაამონტაჟებენ. რადიკალური ოპოზიციის პრობლემა სწორედ აქ იკვეთება - არანაირი სინანული, პირიქით, ის, რაც სახელმწიფოს დაუშავეს, შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ყველა გეგმას და დავალებას სისრულეში მოიყვანდნენ. ვნახავდით ცეცხლში გახვეულ არამხოლოდ პარლამენტის და პრეზიდენტის სასახლეებს, არამედ მთელს ქვეყანას.
პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის პრეტენზია დღემდე აქვთ, ხალხის სახელითაც ლაპარაკობენ, მაგრამ საზოგადოებისთვის რომ სრულიად მიუღებლები არიან, ამ რეალობის აღიარება არ სურთ.
ჩავარდნილი აქციები, შეკრებები ხალხის გარეშე და ამგვარი მცდელობები პირდაპირ აჩვენებს, რომ სააკაშვილის კოლექტივი განულებულია. სხვა ლოზუნგიც მოიფიქრეს, მაგრამ მიიღეს ის, რაც რეალობაა - „საქართველო რადიკალების გარეშე“, - განაცხადა ჩიხლაძემ.





