შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: მიზანი არის მარტივი, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია, რომ კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მიზანი არის მარტივი, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია, რომ კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყნის კონსტიტუცია, აწყობილია პრინციპზე, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს საშუალება დაიცვას საკუთარი თავი.
„მიზანი არის მარტივი, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია, რომ კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის. საქართველოს ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყნის კონსტიტუცია, აწყობილია პრინციპზე, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს საშუალება დაიცვას საკუთარი თავი და დემოკრატიული ინსტრუმენტები დემოკრატიის მტრებმა არ უნდა გამოიყენონ იმისთვის, რათა თავად დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ. ეს მოქმედებს ყველა ქვეყანაში ისევე, როგორც მოქმედებს საქართველოში.
თუ შევხედავთ ჩვენ უახლოესი წარსულის გამოცდილებას ვნახავთ, რომ უკრაინაში 18 პარტია აიკრძალა. ერთი სიტყვა არ გვსმენია ჩვენ ბრიუსელიდან ამასთან დაკავშირებით კრიტიკული. მოლდოვაში ორი პარტია აიკრძალა, ერთი სიტყვა არ გვსმენია ჩვენ ამასთან დაკავშირებით კრიტიკული. მეტიც, მოლდოვაში წელს, ივლისში აიკრძალა 4 პარტია, რომელიც ჩაითვალა, რომ იყო მემკვიდრე პარტია ერთ-ერთი აკრძალული პარტიისა და ისინიც აიკრძალნენ. შეგახსენებთ, რომ ეს ის ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამკვიდრა შარშან კანონში ცვლილებებით, მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი. მაშინაც ვამბობდით, რომ სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს ეს ნორმები და არამხოლოდ ნორმად მოქმედებს, არამედ პრაქტიკაში მოქმედებს, მოლდოვაში სადაც ახლა, სულ რამდენიმე თვის წინ, ივლისში აკრძალეს ოთხი პარტია, როგორც ერთ-ერთი, მანამდე აკრძალული პარტიის მემკვიდრე პარტია. ასე, რომ ხომ ამბობენ საქართველოს უსწრებენ მოლდოვა და უკრაინა. ამ მხრივაც გვისწრებენ. ასე, რომ ვცდილობთ დემოკრატიული ინსტრუმენტების მხრივ დავეწიოთ ამ მხრივ უკრაინასა და მოლდოვას. ეს ისე, იუმორით, თუმცა სერიოზულად არის საქმე იმიტომ, რომ ჩვენ წლებია ვაკვირდებით, ჯერ ხელისუფლებაში იყო პარტია, რომელიც კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებდა, შემდეგ ოპოზიციაში გააგრძელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი ყველა დანაყოფით კონსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალადობით ხელისუფლების დამხობის მცდელობა და რა თქმა უნდა, ამის ტოლერირება რაღაც მომენტში უკვე დაუშვებელია, ვინაიდან შეუძლებელია ყოველ ჯერზე ჩვენ ვიყოთ მხოლოდ რეაქციის რეჟიმში. სახელმწიფო, რომელიც ცდილობს ანტიკონსტიტუციური ქმედებები შეაჩეროს, საჭიროა პრევენციაც. ასე, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია ეს პროცესი.
კარგია, რომ ჩაინიშნა უკვე პროცესები. ვნახოთ რა პერიოდი დასჭირდება საკითხის განხილვას. ჩვენი მხრიდან იქნებიან წარმომადგენლები, რომლებიც ამ პროცესს გაუძღვებიან მოსარჩელის მხრივ. ჩვენი მხრიდან იქნებიან პარლამენტის წევრები, არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი. ასე, რომ ვიმედოვნებთ საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.





