პრემიერი: ვეტერანის დღეს გილოცავთ სხვადასხვა თაობის ვეტერანებს, რომლებიც საქართველოში თუ მსოფლიოს ცხელ წერტილებში თავდადებით იბრძოდით სამშობლოს თავისუფლებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის, ვეტერანების გმირობის მაგალითებით მკვიდრდება ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებები, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტული სულისკვეთება
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ვეტერანის დღეს გილოცავთ სხვადასხვა თაობის ვეტერანებს, რომლებიც საქართველოში თუ მსოფლიოს ცხელ წერტილებში თავდადებით იბრძოდით სამშობლოს თავისუფლებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვეტერანების გმირობის მაგალითებით მკვიდრდება ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებები, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტული სულისკვეთება.
„დღეს პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე გაიღეს.
გასული წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა იმ ადამიანების დასაფასებლად, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ:
არსებითი ცვლილებები განხორციელდა ფინანსური უზრუნველყოფის მიმართულებით. ბრძოლის ველზე დაღუპულთა ოჯახების ყოველთვიური კომპენსაცია უწყვეტად იზრდება: 500 ლარიდან დაწყებული მხარდაჭერა 2026 წლიდან 1280 ლარს უტოლდება. საპენსიო ასაკთან მიბმული შეზღუდვის გაუქმებით, ფინანსური თანადგომა დამატებით 30,000-მა ვეტერანმა მიიღო. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანთა სოციალური პაკეტი დაახლოებით 150 პროცენტით გაიზარდა, საყოფაცხოვრებო სუბსიდიამ კი 22-დან 100 ლარამდე მოიმატა;
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ყოველთვიურ და სადღესასწაულო ფულად დახმარებას იღებენ. ომის შემდეგ გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახებს 800-ლარიანი დახმარება დაუწესდათ;
სოციალურ თანადგომასთან ერთად, უმთავრესი პრიორიტეტია ჯანმრთელობის დაცვაც. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, ვეტერანთა სამედიცინო მომსახურება 15,000-ლარიანი ზღვრის ფარგლებში სრულად ფინანსდება. 2016 წლიდან სახელმწიფო აფინანსებს ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს. შენობა გარემონტდა, აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით და ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უსასყიდლოდ ემსახურება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





