პრეზიდენტის ადმინისტრაცია დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელების დასჯას ითხოვს
პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ქართული ოცნების" მიერ სისხლის სამართლის კოდექსში დაანონსებულ ცვლილებებს, ე.წ. გირგვლიანის შესწორებებს ეხმიანება. ფიქრია ჩიხრაძის თქმით, სისტემურ დანაშაულთან ბრძოლაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქტიურად ჩაერთვება.
ამასთან, ჩიხრაძე ამბობს, რომ სისტემას უნდა ჩამოშორდნენ ის პროკურორები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები და მოსამართლეები, რომლებიც ამ სისტემას ქმნიდნენ.
"ჩვენ ვითხოვთ შემდეგს - სისტემური დანაშაული მრავალპლანიანია და მას ჰყავდა შესაბამისი სისტემური აღმსრულებლები. იმისთვის, რომ სისტემური დანაშაული მართლაც არასდროს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში, ის სისტემური დანაშაული, რომელზეც მიუთითებდა სტრასბურგის სასამართლო და რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა იცის, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც ამ სისტემური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ვიყავით ჩართულები. აუცილებელია ყველა იმ რგოლში, შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, ვინც ამ სისტემურ ბრძოლაში იყო ჩართული. ესენი არიან ის პროკურორები, რომლებიც წარმოადგენდნენ მთავარ ღერძს სისტემური დანაშაულის აღსრულებისას, ისინი უნდა ჩამოშორდნენ შესაბამისი სისტემისგან, ის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული იყვნენ უკანონო ქმედებებში და რომლებიც ახორციელებდნენ ძალადობას ადამიანებზე, უნდა ჩამოშორდნენ შესაბამისი სამსახურებიდან, ცალკეულ შემთხვევებში, თუკი ასეთი დანაშაული განსაკუთრებით მძიმე იყო, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და უნდა ვიხილოთ ამ ნაწილში აღსრულებული მართლმსაჯულება. ის მოსამართლეები, ვინც ამ დანაშაულებრივ ჯაჭვს ბეჭედს ასვამდნენ სამართლიანობის სახელით და დღესაც სასამართლო სისტემაში არიან, უნდა ჩამოშორდნენ სისტემას", - თქვა ფიქრია ჩიხრაძემ.
ევროპულმა საქართველოს წევრმა და დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ "გირგვლიანის შესწორებებს" ხელისუფლების მორიგი ფარსი უწოდა. მისი თქმით, ქართული ოცნება სისხლის სამართლის კოდექსს ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.
უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ დღეს თქვა, რომ "ქართული ოცნება" იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას. მდინარაძის თქმით, ამ ცვლილებებს სიმბოლურად შეიძლება „გირგვლიანის შესწორებები” ერქმევა.
28 იანვარს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა.





