თორნიკე ჭეიშვილი რუბიოს განცხადებაზე: რის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ს მხრიდან. არაერთი მცდელობა ჰქონდათ, რომ მათ შორის, მდიდარი „ენჯეოების“ ხელით ემართათ საზოგადოებრივი პროცესი
პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა მარკო რუბიოს განცხადებასთან დაკავშირებით.
ჭეიშვილის თქმით, ეს პროცესი დაიწყო მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ინაუგურაცია განხორციელდა, მიმდინარე წლის დასაწყისში.
„შესაბამისი ნაბიჯებიც ძალიან კარგად არის ცნობილი, თუ რა მოჰყვა. USAID, NED და ეს ფონდები ფაქტობრივად დახურეს იმის გამო, რომ სწორედ მათი ხელით და შესაბამისი გარე დაფინანსებით ხდებოდა სახელმწიფოებში შიდა საქმეებში ჩარევა, სუვერენიტეტის ხელყოფა. მთელი რიგი პროცესების მართვა, რომელიც მათ შორის, შესაძლოა ყოფილიყო დაკავშირებული ადგილზე ხელოვნურად დესტაბილიზაციის, რევოლუციების მოწყობასთან და სხვა. ამის ძალიან ნათელი მაგალითი ჩვენ გვაქვს საქართველოს სახით, ჩვენი ქვეყნის სახით. არაერთი მცდელობა ჰქონდათ მათ სწორედ იმისა, რომ მათ შორის, მდიდარი „ენჯეოების“ ხელით ემართათ საზოგადოებრივი პროცესი, მოეხდინათ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება და ძალადობის წახალისებით, ექსტრემიზმის წახალისებით, არაკონსტიტუციური ქმედებების წახალისებით, ფაქტობრივად გამოეწვიათ ის შედეგი, რასაც ჰქვია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რევოლუცია, რაც უკვე იყო საბოლოო ჯამში გამიზნული იმისკენ, რომ მარიონეტული, მათთვის მისაღები სახელისუფლებო ძალა მოეყვანათ ქვეყნის მართვის სადავეებთან“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მოქალაქეებისადმი საშობაო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ წარმატებულ ნაბიჯად USAID-ის გაუქმება დაასახელა.




