ლევან მახაშვილი: მივესალმებით ამერიკის ამ გადაწყვეტილებებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავიანთი ქმედებები და ფინანსები მაქსიმალურად საჯარო გახადონ
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
მივესალმებით ამერიკის ამ გადაწყვეტილებებს, რომ [არასამთავრობო ორგანიზაციებმა] თავიანთი ქმედებები და ფინანსები მაქსიმალურად საჯარო გახადონ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საქართველოს კონტექსტშიც კარგი გზავნილი და კარგი ნაბიჯი იქნება, რომ თავიანთი საქმიანობა გაასაჯაროონ, - ასე გამოეხმაურა ლევან მახაშვილი მარკო რუბიოს განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შეწყვეტის შესახებ.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სინამდვილეში „ენჯეოები“ დაფინანსებას არამიზნობრივად იყენებდნენ.
„ლამაზი და ზოგადი სიტყვებით ვიცოდით, რაში ხარჯავდნენ ამ თანხებს. ეს იყო დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ა.შ. მაგრამ რეალურად, კონკრეტული მაგალითებით ვიცით, რომ ეს ფული საბოლოო ჯამში ისევ ილექებოდა ზოგიერთი მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციის ბიუჯეტებში, რომლებიც მერე გამოიყენებდა არა იმ მიზნებისთვის, რომლებისთვისაც ეს თანხა თავის დროზე იყო გამოყოფილი. ეს თანხა ხმარდებოდა იმ პროცესების წახალისებას, რასაც უკვე 1,5 წელია ეს ქვეყანა აქტიურად ებრძვის - ვგულისხმობ სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის, ეკლესიისთვის ძირის გამოთხრას და ა.შ.“ - განაცხადა მახაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მოქალაქეებისადმი საშობაო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ წარმატებულ ნაბიჯად USAID-ის გაუქმება დაასახელა.




