ირაკლი კირცხალია რადიკალებზე: პირდაპირ დაანონსებულ გადატრიალების მცდელობაზე დღეს ამ უტიფრებს უტრიალდებათ ენა და ამბობენ, რომ არა, ეს თურმე არ ყოფილა რევოლუციური მცდელობა
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პირდაპირ დაანონსებულ გადატრიალების მცდელობაზე დღეს ამ უტიფრებს უტრიალდებათ ენა და ამბობენ, რომ არა, ეს თურმე არ ყოფილა რევოლუციური მცდელობა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, „4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დღეს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ რომ შევაფასოთ, რა მოხდა რეალურად პრეზიდენტის სასახლეში, რადგან ოპოზიცია დღემდე საუბრობს, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული“.
ირაკლი კირცხალიას თქმით, ასეთი განცხადებები ღიმილის მომგვრელიც აღარ არის.
„პოლიტიკურად მოტივირებული, ამ ჯგუფებს, რომელი ჯგუფებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, მათი პატრონები, ეს დანაყოფები აქ, ე.წ. „ენჯეოები“, ე.წ პოლიტიკური პარტიები, ღიმილის მომგვრელიც აღარ არის. ტრაგიკომედიაშია გადასული და ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ მათ ფლანგზე რეალურად. კაცის კვლას დაარქმევენ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ აქტს. სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებაში შეიძლება შეიყვანონ ადამიანის მოკვლა იმიტომ, რომ ერთი შეიყვანეს, ადამიანის დაწვა, პოლიციელის დაწვა, ასე ვთქვათ, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებაში. ხომ გვახსოვს ეს ყველაფერი. შეიყვანეს და წაახალისეს, ბანერებით დარბოდა ზოგიერთი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი აქ, ჩვენს ქვეყანაში.
ვნახეთ ლაზარე გრიგორიადისის გაგმირება და შემდეგ ლაზარე გრიგორიადისის გაგმირებიდან ოდნავ ხანდაზმულმა ლაზარემ რისი გაკეთება სცადა. ელისაშვილი მყავს მხედველობაში. ეს არის, ჯერ წაახალისეს „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, შემდეგ წაახალისეს ძალადობა, ექსტრემიზმი და ეს ექსტრემიზმი შემდეგ გადაიზარდა ტერორიზმში. ვხედავთ ამ ყველაფერს. პირდაპირ დაანონსებულ გადატრიალების მცდელობაზე დღეს ამ უტიფრებს უტრიალდებათ ენა და ამბობენ, რომ არა, ეს თურმე არ ყოფილა რევოლუციური მცდელობა. გახსოვთ ხაბეიშვილზე როგორც საუბრობდნენ? რას ამბობთ, ეს არ ყოფილა მოწოდებაო, ეს უბრალოდ პოლიტიკური მიმდინარეობის და პოლიტიკური განცხადებების შემადგენელი ნაწილი იყოო. ამ ორმაგ სტანდარტზე გვაქვს [საუბარი]“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.




