„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართა
პოლიტიკა

ფოტო: „ქართული ოცნება“
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართა.
უმრავლესობის წევრებმა სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე და მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს, რომელსაც პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს.
ასევე, უმრავლესობის ფორმატში საუბარი შეეხო საგანმანათლებლო რეფორმას, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლას გულისხმობს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უმრავლესობის წევრებმა იმსჯელეს, იყო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება.
შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით:
- სპონტანური, ან არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილოს.
- გაფრთხილების მიღების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭება უფლებამოსილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილის ან სვლა/გეზის ცვლილება იმ შემთხვევაში, როდესაც შემოთავაზებული შეკრების ფორმა, ჩატარების ადგილი, ან სვლა/გეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ან ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას. ასევე, ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას ან ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
- თუ სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე, ან სვლა/გეზზე შეკრებას ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და შეკრებას ან/და მანიფესტაციას მაინც იმ ადგილზე ჩაატარებენ, რითაც შეზღუდავენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ასეთი შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს- 20 დღემდე ვადით.
- ამასთან, ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, მონაწილეს ან ორგანიზატორს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.
ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.




