ლევან მაჭავარიანი ე.წ. „მეგობარ აქტზე“: ვხედავთ, რომ ეს ჩაგდებულია, არავინ აპირებს ამის მიღებას. ჩვენ ველოდებით უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აშშ-ს მხრიდან
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ჩაგდებულია, არავინ აპირებს ამის მიღებას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ე.წ. „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით.
მაჭავარიანის თქმით, ხელისუფლება აშშ-ს მხრიდან უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელოდება.
„ოპოზიციისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ისინი მტკიცებით ფორმაში ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, რომ ეს აქტი მიღებული იქნებოდა და თან უკვე ჟანგბადი აღარ აქვთ, პულსი არ ესინჯებათ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს მათთვის იქნებოდა დამატებითი საინფორმაციო ხმაურის ატეხის მექანიზმი.
ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ჩაგდებულია, არავინ აპირებს ამის მიღებას. ჩვენ ველოდებით უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აშშ-ს მხრიდან. მათ იციან, რომ ჩვენ მზად ვართ კონკრეტული გზამკვლევიც კი გავწეროთ დროსა და სივრცეში თუ რა ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი იმისათვის, რათა რეალური პარტნიორობა და რეალური მეგობრობა დაიწყოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ბოლო 3 თვის განმავლობაში უკვე მეორედ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღების ინიციატივა ჩავარდა.




