ენის დეპარტამენტი ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონით დაფინანსდება
პოლიტიკა

გიორგი ალიბეგაშვილი
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი 2018 წლის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარით დაფინანსდება. სააგენტო ipn-ის ცნობით, ამ დეპარტამენტში 15 ადამიანი იმუშავებს. გამოყოფილი 500 ათასი ლარიდან 400 ათასი ლარი თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზეა განაწილდება.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარის - გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, 1 იანვრისთვის ენის დეპარტამენტი სტუქტურულად ჩამოყალიბებული იქნება და უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება.
”გასულ კვირას მინისტრთა კაბინეტმა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შესახებ დებულება მიიღო. დებულებით დეპარტამენტის სამსახურები განისაზღვრა. ამ სამსახურებში კონკრეტული თანამდებობის პირები შედიან, რომელთაც უფლებამოსილებების შესრულება დაევალებათ. მონახაზში 15 კაცი გვყავდა, თუმცა საშტატო განრიგს და საშტატო სტრუქტურას თანდათანობით დავხვეწთ, რომ კიდევ უფრო მობილური და მაქსიმალურად მისადაგებული იყოს თითოეული თანამშრომლის საქმიანობა და პრობლემაზე მუშაობის მიმართულებები.
ჩვენი ამოცანა პროგრამებზე მუშაობა იქნება - ჩვენ ჩვენს თანამემამულეებს ქართულ ენას ვასწავლით, მაგრამ პროგრამები, რომლითაც ვასწავლით ხშირად არ არის კოორდინირებული და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელს სხვადასხვა მოთხოვნები აქვს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირდაპირი სწავლება - წამოვიდა უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტების შვილებისა და შვილიშვილების თაობები, რომელთაც სამწუხაროდ, ქართულ ენასა და კულტურაზე წარმოდგენა არა აქვთ. ასევე ჩვენი მიზანი იქნება, აღვადგინოთ ევროპული სკოლები და ქართველოლოგია ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის რაც შეიძლება საინტერესო გავხადოთ. ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აფხაზური ენის სწავლებას და მის პოპულარიზაციას - ამ მიმართულებით აფხაზებთან ინტენსიური კავშირების დამყარებას ვაპირებთ”, - განაცხადა ალიბეგაშვილმა.
საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა გიორგი ალიბეგაშვილმა 27 ოქტომბერს დაიკავა.





