პრემიერმინისტრმა განახლებული გუნდი წარადგინა
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკადრო ცვლილებებთან დაკაშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის ადამიანები, ვისაც საკადრო ცვლილებები შეეხო, მათი გუნდის წევრებად რჩებიან.
"ჩვენს ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული მორიგი დემოკრატიული არჩევნები გვანიჭებს მანდატს შეუქცევად განვაგრძოთ ჩვენ მიერ არჩეული კურსი და მეტიც, განვახორციელოთ ცვლილებები,"- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავას თსუ-ის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი შეცვლის; განათლების სამინისტროს შეუერთდება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდულ საქმეთა კომპონენტი. სად გააგრძელებს მუშაობას ყოფილი ვიცეპრემიერი და განათლების ყოფილი მინისტრი ჯეჯელავა, პრემიერს არ უთქვამს.
ეკონომიკის სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის კომპონენტი. უწყებას უხელმძღვანელებს დიმიტრი ქუმსიშვილი. რაც შეეხება გიორგი გახარიას ის შს მინისტრად დაინიშნა. ფინანსთა მინისტრად კი დაინიშნა მამუკა ბახტაძე, რომელიც მანამდე საქართველის რკინიგზას ხელმძღვანელობდა.
უკვე ყოფილი შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს ჩაიბარებს.
კულტურის სამინისტროს უერთდება სპორტის სამინისტროს კომპონენტი და მას კვლავ მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს, უწყება უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მას უხელმძღვანელებს ლევან დავითაშვილი.
როგორც პრემიერმინისტრმა განმარტა, საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მას უხელმძღვანელებს მიხეილ ჯანელიძე.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ცვლილებები პარლამენტს წარედგინება.
12 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ, დაგეგმილია სამთავრობო ცვლილებები. ეს ინფორმაცია ვიცეპრემიერმა და საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემაც დაადასტურა.
სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა სამუშაო შეხვედრები მთავრობის კანცელარიასა და ქართული ოცნების ოფისში.





