ივანიშვილი: გუნდი დაზიანდა, ის ბევრმა ღირსეულმა წევრმა დატოვა
პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი
ფოტო: IMEDI
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნამ „ქართული ოცნება“ დააზიანა. ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „SWOT-ანალიზი“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ დავზიანდით. გუნდი დაზიანდა არა მარტო იმიტომ, რომ თავისი გაცხადებული ვერ შეასრულა, ბევრი ღირსეული წევრი ჩვენი გუნდიდან გავიდა და ესეც გუნდისთვის გარკვეული ზიანია“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება ვერ შეასრულა და გუნდის ყველა წევრი ამას განიცდის.
„რა თქმა უნდა, მე განვიცდი, გუნდშიც განიცდიან ამას. ეს არ უნდა მომხდარიყო, სჯობდა. ჩვენ გვქონდა რესურსი, ვარწმუნებდი გუნდის წევრებს, რომ ჩვენ გვაქვს რესურსი, არ დავარღვიოთ ჩვენი სიტყვა და ჩვენ არჩევნებს თავისუფლად, 50-სა და 60%-ს შორის ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეგვიძლია, მივიღოთ ამ არჩევნებში და შეგვიძლია, უმრავლესობა მივიღოთ, მთავრობაც ჩამოვაყალიბოთ“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გუნდის დაშლის საშიშროება არსებობდა, რაც ტრაგიკული იქნებოდა.
„მე პირადად ძალიან ვიაქტიურე და არ დავშალეთ გუნდი, შევინარჩუნეთ. უმრავლესობის დაშლა დღეს ამ ქვეყნისთვის ტრაგიკული იქნებოდა. შევინარჩუნეთ სტაბილური უმრავლესობა და მე ძალიან მიყვარს გამონათქვამი, რომ „ზოგი ჭირი მარგებელია“. რა თქმა უნდა, ცუდი იყო რაც მოხდა, როგორც მოხდა, მაგრამ აქედან უნდა გავაკეთოთ დასკვნები, მრავალმხრივი დასკვნები და გავაგრძელოთ ქვეყნის სტაბილური განვითარება“, – განაცხადა ივანიშვილმა.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.
მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.





