თბილისის ვიცემერი: „შმაქსი“ დაჯარიმებას ექვემდებარება
პოლიტიკა

ირაკლი ხმალაძე
ფოტო: თბილისის მერია
თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „შმაქსი“ დაჯარიმებას ექვემდებარება, „ეს [„გირჩი“] პოლიტიკური ორგანიზაცია უბრალოდ ერთობა და თან კარგად ერთობა“. ამის შესახებ ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
თბილისის ვიცემერის განმარტებით, კანონმდებლობის მიხედვით, ერთი წერტილიდან მეორე წერტილზე M1 კატეგორიით ანუ მსუბუქი მანქანით მგზავრის გადასაყვანად ნებართვაა საჭირო.
„აქ ინტერპრეტაცია იმის, რომ ხდება საგანმანათლებლო საქმიანობის გაწევა თუ რაღაცის ახსნა თუ მოყოლა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. როცა იყენებ მანიშნებელს, მაიდენტიფიცირებელს, რომ მგზავრმა დაგიქნიოს ხელი, ჩაჯდეს და ერთი პუნქტიდან მეორეში გადაიყვანო, ამას კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ ახორციელებ მგზავრის გადაყვანას და საჭიროებს ნებართვას“, - განაცხადა თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ.
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრებმა დღეს კომპანია „შმაქსის“ პრეზენტაცია გამართეს და უმუშევრად დარჩენილ მძღოლებს „შმაქსაობა“ შესთავაზეს. ამ გზით „გირჩი“ ტაქსების რეფორმას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ტაქსი თეთრი ფერის, 4-კარიანი, მარცხენა საჭიანი ავტომობილი უნდა იყოს.
ქალაქის ქუჩებში „შმაქსის“ მანქანები უკვე გამოჩნდა. შეუძლია თუ არა შსს-ს „შმაქსაობის“ გამო მძღოლების დაჯარიმება, უწყების პასუხია ასეთია:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია მოქმედებს კანონის სრული დაცვით და კანონდარღვევის ფაქტის დაფიქსირების შემთხევაში, პოლიცია მოახდენს მყისიერ რეაგირებას“, - თქვეს შსს-ში.
პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ამოქმედდა. ამავე დღეს მერიის რეგულაციის დარღვევისთვის „გირჩის“ ლიდერი 200 ლარით დააჯარიმეს.





