პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ
პოლიტიკა

აქცია პარლამენტთან
ფოტო: IMEDI
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. გუშინ განვითარებულ მოვლენებზე პროტესტის მონაწილეები შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. მინისტრს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად 3 საათს აძლევენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, არ შეიძლება მოქალაქეების დასახიჩრება, როდესაც ისინი რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებენ.
შეკრებილებს უკვე მიმართეს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და ოპოზიციური გაერთიანების ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
ჯამში, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 240 პაციენტი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 55 პაციენტი. 240-დან 80 იყო პოლიციელი. შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და „ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.
რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა.




