ზაქარია ქუცნაშვილი მზადაა დეპუტატის მანდატი დატოვოს
პოლიტიკა

ზაქარია ქუცნაშვილი
ფოტო: Facebook
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დეპუტატის მანდატზე უარი თქვას. ამის შესახებ 1tv.ge წერს.
კითხვაზე გეგმავს თუ არა მანდატის დატოვებას, ქუცნაშვილი პასუხობს, რომ მზად არის.ზაქარია ქუცნაშვილი თავის თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საქართველოს პარლამენტში მართმადიდებლობის საპარლამენტო სესიის სხდომაზე განვითარებულ პროცესებზე იღებს.
დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში მივიდა, სადაც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. შესვლამდე მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
გუშინ პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. ჯამში, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 240 პაციენტი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 102 პაციენტი. 240-დან 80 იყო პოლიციელი.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.
რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა.




