ტაივანში ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე რეფერენდუმი ტარდება
მსოფლიო

ფოტო: Shutterstock
ტაივანში იმართება რეფერენდუმი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ადგილობრივ მოსახლეობას ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება. ამის შესახებ BBC წერს.
ბოლო დროს ტაივანში ამ მოთხოვნით არაერთი დემონსტრაცია გაიმართა.
2015 წელს ტაივანში ამოქმედდა კანონი, რომელიც კომპანიებში ლგბტ-თემის დისკრიმინაციას კრძალავს. დარღვევისთვის პირს მოუწევს ჯარიმის გადახდა და შესაძლოა ციხეშიც ჩაჯდეს. 2017 წლის მაისში კი, ტაივანის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინების უფლება აქვთ, თუმცა პარლამენტს შესაბამისი კანონი ჯერ არ მიუღია და ამისთვის საკანონმდებლო ორგანოს 2-წლიანი ვადა მიეცა.
თუ კანონი ამოქმედდება, ტაივანი გახდება პირველი აზიური ქვეყანა, სადაც გეი ქორწინებას დაუშვებენ.
გარდა ამისა, კენჭისყრაში მონაწილე ადგილობრივები პასუხობენ ტაივანის სტატუსთან დაკავშირებულ კითხვასაც: როგორ სურთ მოიხსენიონ ტაივანი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, - როგორც ტაივანი თუ როგორც ჩინეთის ტაიბეი.





