DW: გერმანიის დასავლეთში კიოლნ/ბონის აეროპორტმა დრონის გამოჩენის გამო მუშაობა დროებით შეაჩერა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გერმანიის დასავლეთში მდებარე კიოლნ/ბონის აეროპორტმა საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენის გამო, მუშაობა რამდენიმე საათით შეაჩერა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
მიედიის ცნობით, დროებით შეწყდა ყველა რეისის მიღება და გაფრენა.
აეროპორტის წარმომადგენლის განცხადებით, გუშინ დაახლოებით 22:00 საათზე აეროპორტის ტერიტორიაზე, ცაში ამოუცნობი დრონი შენიშნეს. მომხდარის გამო ყველა აფრენა და დაშვება შეჩერდა.
გერმანიის საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურმა ინციდენტის გარემოებების შესწავლა დაიწყო. შაბათს, დაახლოებით 00:30 საათზე, უწყებამ განაცხადა, რომ საფრთხე აღარ არსებობდა. ამის შემდეგ აეროპორტმა მუშაობა განაახლა.
თავდაპირველად მომხდარის დეტალები უცნობი იყო. არც აეროპორტის წარმომადგენლებს და არც გერმანიის საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურს ინციდენტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
როგორც DW იუწყება, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ევროპაში გახშირდა დივერსიები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ინციდენტები, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები რიგ შემთხვევებში, რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობას უკავშირებენ. ამ ინციდენტებს შორისაა აეროპორტების სიახლოვესა და მათ თავზე დრონების სახიფათო ფრენებიც.
მხოლოდ 2026 წლის პირველ ექვს თვეში, ბერლინის აეროპორტის სიახლოვეს ამოუცნობი დრონების 28 ფრენა დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2025 წლის განმავლობაში ასეთი შემთხვევა მხოლოდ რვა იყო. ფრანკფურტის აეროპორტში კი მსგავსი 27 ინციდენტი აღირიცხა. თუმცა ყველა შემთხვევაში აეროპორტების მუშაობის შეზღუდვის საჭიროება არ დამდგარა.





