უკრაინაში რუსეთის თავდასხმებს ბოლო 24 საათში 10 ადამიანი ემსხვერპლა, 55 კი დაშავდა
მსოფლიო

ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური
რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში 10 ადამიანი ემსხვერპლა, 55 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ყველაზე მძიმე დარტყმა ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ ნიჟინზე განხორციელდა, სადაც რუსულმა ძალებმა ადგილობრივ საწარმოებს შეუტიეს. დაიღუპა შვიდი ადამიანი, შვიდი კი დაშავდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 28 ნოემბრის ღამეს რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის მიმართულებით 162 დრონი გაუშვეს, მათ შორის 74 რეაქტიული ძრავით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატი.
ადგილობრივი დროით დილის 8 საათისთვის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 141 რუსული დრონის ჩამოგდება შეძლეს, მათ შორის 54 რეაქტიული ტიპის. დრონების დარტყმები 13 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ ნიჟინში 27 ნოემბერს განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსულმა ძალებმა ადგილობრივ საწარმოებს დაარტყეს. სამაშველო სამუშაოები 28 ნოემბრის დილით დასრულდა. მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს.
ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ჩერნიგოვში რუსეთის ცალკეულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.
დონეცკის ოლქში ქალაქ სლავიანსკზე და სოფელ მალოტარანივკაზე განხორციელებულ იერიშებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. რეგიონის სხვა დასახლებებში კიდევ რვა ადამიანი დაშავდა, - განაცხადა ოლქის გუბერნატორმა ვადიმ ფილაშკინმა.
ჟიტომირის ოლქის მალინის თემში 27 ნოემბერს განხორციელებული რუსული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. გუბერნატორ ვიტალი ბუნეჩკოს ცნობით, დარტყმის სამიზნე ადგილობრივი სამოქალაქო საწარმო გახდა.
ზაპოროჟიეს ოლქში, ადმინისტრაციულ ცენტრსა და მის შემოგარენში, რუსეთის იერიშებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა.
ხარკოვის ოლქში ბოლო 24 საათის განმავლობაში რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი გოგონა - 3, 9 და 16 წლის.
პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკში რუსეთის დრონებით თავდასხმების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან 55 და 17 წლის ქალები, ასევე სამი ბავშვი. ერთ-ერთი თავდასხმის დროს ქალაქის ცენტრში ორი სკოლაც დაზიანდა.
დნეპროპეტროვსკის ოლქში 28 ნოემბრის ღამეს ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ერთი დღით ადრე კი რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, დნიპროში კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.
სუმის ოლქის გლუხივის თემში რუსეთის თავდასხმების შედეგად 59 და 47 წლის ქალები დაშავდნენ.





