ოჯახმა აპატია აბორიგენებს, რომლებმაც ინდოეთში ქრისტიანი მქადაგებელი მოკლეს
მსოფლიო

ჯონ ჩაუ
ფოტო: instagram
ინდოეთის ოკეანეში კუნძულ სენტინელის აბორიგენებმა 26 წლის ამერიკელი ჯონ ჩაუ მოკლეს, რომელიც კუნძულზე ქრისტიანობის ქადაგებისთვის ჩავიდა. ჩაუს სიკვდილის შესახებ 21 ნოემბერს ანდამანის და ნიკობრასის კუნძულებზე განაცხადეს.
კუნძულზე ცხოვრებენ სენტინელები - პატარა იზოლირებული ტომი, რომელთა ცხოვრების წესი ქვის ხანას შეესაბამება. 2006 წელს კუნძულზე ორი მეთევზე მოკლეს, რომელთა ნავი შემთხვევით მივიდა კუნძულის ნაპირთან. როდესაც ხელისუფლებას მათი ცხედრების წაღება სურდა, აბორიგენებმა ვერტმფრენს ისრები დაუშინეს.
პოლიციის ცნობით, ჯონ ჩაუ ანდამანის კუნძულებზე ოქტომბერში ჩავიდა. 14 ნოემბერს ადგილობრივების დახმარებით, რომელსაც 25 ათასი რუპი გადაუხადა, ის სენტინელის კუნძულზე ჩავიდა. როგორც Reuters-ი წერს, ჩაუმ აბორიგენებისთვის თან წაიღო მაკრატელი, ქინძისთავი და ფეხბურთის ბურთი - ეს ჩაუს დღიურში წერია.
ჩანაწერების მიხედვით, პირველი კონტაქტის დროს მას ზოგიერთი აბორიგენი მეგობრულად შეხვდა, თუმცა იყვნენ აგრესიულად განწყობილებიც. ჩაუ წერდა, რომ მას ისარი ესროლეს, რომელიც ბიბლიას მოხვდა. ამის შემდეგ, ამერიკელი მივიდა მეთევზეებთან, რომლებიც მას ნავში ელოდებოდნენ და დღიური მათ გადასცა.

ფოტო: სენტინელები/Dinodia Photos
16 ნოემბერს ჯონ ჩაუ კუნძულზე დაბრუნდა და რამდენიმე საათში მათ დაინახეს, რომ აბორიგენები ცხედარს მიათრევდნენ, რომელიც ამერიკელს ჰგავდა. სავარაუდოდ ჯონ ჩაუ ისრებით მოკლეს, თუმცა მისი ცხედრის წაყვანა პოლიციამ ვერ მოახერხა და ამ ეტაპზე მის გარდაცვალების ფაქტი ვერ დასტურდება.
ინდოეთის პოლიციამ დააკავა 7 კაცი, რომლებმაც ჯონ ჩაუ კუნძულზე ჩაიყვანეს, თუმცა იცოდნენ, რომ ეს აკრძალული იყო.
ჯონ ჩაუს ახლობლებმა მისი დაღუპვის შესახებ Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნეს და ინდოეთის ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლება სთხოვეს. „მას ღმერთი უყვარდა, უყვარდა ცხოვრება და ეხმარებოდა გაჭირვებულს. ის არ განიცდიდა სენტინელების მიმართ არაფერს, გარდა სიყვარულისა. ჩვენ ვპატიობთ იმათ, ვისაც საზოგადოება დამნაშავედ მიიჩნევს“, - წერია დაღუპულის ოჯახის პოსტში.





