AP: „დემოკრატი“ ჰაკიმ ჯეფრისი შესაძლოა, ისტორიაში პირველად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შავკანიანი სპიკერი გახდეს
მსოფლიო

ჰაკიმ ჯეფრისი
ფოტო: AP
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატების“ ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი შესაძლოა, ისტორიაში შევიდეს, როგორც ქვეყნის პირველი შავკანიანი სპიკერი. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ეს ამერიკის პოლიტიკაში თაობათა ცვლილების მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება მას შემდეგ, რაც „დემოკრატებმა“ შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელები“ დაამარცხეს და პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, წერს სააგენტო.
ჯეფრისის კანდიდატურას კოლეგებმა კენჭი ახალ კონგრესის შეკრებისას, 3 იანვარს უნდა უყარონ. თუ ის წარადგინეს და როგორც მოსალოდნელია, აირჩიეს, პირველად მოხდება, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის გავლენიან თანამდებობას შავკანიანი კანონმდებელი დაიკავებს.
როგორც Associated Press-ი წერს, სპიკერი პრეზიდენტის შემდეგ სახელმწიფოში მეორე ადამიანია და კონგრესში ერთადერთი ხელმძღვანელი თანამდებობაა, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.
ჯეფრისის სპიკერად არჩევა კაპიტოლიუმში, რომლის მშენებლობაშიც დამონებული აფროამერიკელები მონაწილეობდნენ, 150 წელზე მეტი ხნის წინ დაწყებული ისტორიული პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება. ეს ისტორია სამოქალაქო ომის შემდეგ, რეკონსტრუქციის მღელვარე პერიოდში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში პირველი შავკანიანი ამერიკელის არჩევით დაიწყო, წერს სააგენტოს.
როგორც Associated Press-ი წერს, ვაშინგტონში „დემოკრატების“ საარჩევნო ღამის ღონისძიებაზე ჯეფრისს შეძახილებით „სპიკერი! სპიკერი!“ შეხვდნენ.
„ეს არ არის პარტიული მომენტი. ეს პატრიოტული მომენტია“, - განაცხადა ჯეფრისმა.
მისი თქმით, წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატებს“ ესმით, რომ არჩევნები ცვლილებების მოთხოვნით ჩატარდა და „ამერიკელი ხალხი გარდამტეხ ცვლილებებს ითხოვს“.
„ჩვენ გისმენთ“, - განაცხადა მან. „მონდომებით ვიმუშავებთ, რათა ის მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელოთ, რომლებსაც იმსახურებთ“.
ბრუკლინში დაბადებული 56 წლის ჯეფრისი, რომელიც თავისუფალი გამოსვლებისას, ხშირად ძველი სკოლის ჰიპ-ჰოპის ტექსტებს იყენებს, რესპუბლიკელ მაიკ ჯონსონს შეცვლის. დემოკრატები მზად არიან, ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო ორ წელს აქტიურად დაუპირისპირდნენ.





