imedi
ლონდონელი ტერორისტის ვინაობა დასახელდა
მსოფლიო

ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა იმ კაცის ვინაობა დაადგინეს, რომელმაც 22 მარტს ლონდონში ტერაქტი მოაწყო. ეჭვმიტანილს აბუ იზადინი ჰქვია, - წერს The Independent-ი.
გამოცემის ცნობით, აბუ იზადინი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. ის ცნობილია ასევე სახელით ტრევორ ბრუქსი. ბრუქსი მართავდა ავტომანქანას, რომელიც ვესტმინსტერის ხიდზე ფეხითმოსიარულეებს დაეჯახა, ის თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებსაც.
იზადინმა ბრიტანული სპეცსამსახურების ყურადღება მანამდეც მიიქცია. ის YouTube-ზე მიმართვებს ავრცელებდა, რომლებშიც პარლამენტის წევრებს ურწმუნოებს უწოდებდა და პოლიციელების მკვლელობისკენ მოუწოდებდა.
იმავდროულად, ABC, იზადინის ადვოკატზე დაყრდნობით, წერს, რომ ბრალდებული ციხეშია.
ლონდონის პოლიციის ცნობით, ბრიტანეთის პარლამენტთან მომხდარი ტერაქტის დროს 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ტერორისტი და პოლიციელი, რომელიც მან დაჭრა. დაშავებულია სულ ცოტა 20 მოქალაქე.
ლონდონის ტერაქტი ბრიუსელის ტერაქტებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ მოხდა. 2016 წლის 22 მარტს ბრიუსელში ტერორისტულ აქტს 35 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი დაშავდა.





