თურქეთი: Post-ის ჟურნალისტი საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს
მსოფლიო

ჯამალ ჰაშაღი
ფოტო: Twitter
ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის მიმომხილველის, ჯამალ ჰაშაღის შესახებ ოფიციალური ანკარა ვარაუდს გამოთქვამს. თურქეთში ამბობენ, რომ ჟურნალისტი მოკლულია. ამის შესახებ BBC წერს.
ჯამალ ჰაშაღი თურქეთში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში ვიზიტის შემდეგ გაუჩინარდა. ჟურნალისტი საუდის არაბეთის მოქალაქეა.
სამთავრობო წყარომ BBC-ს განუცხადა, რომ გამოძიება ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ მიანიშნებს.
საუდის არაბეთი ბრალდებებს უარყოფს და განმარტავს, რომ The Washington Post-ის მიმომხილველის, ჯამალ ჰაშაღის ძებნას არ წყვეტს.
2 ოქტომბერს ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ, რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. ჟურნალისტის ცოლი ამბობს, რომ ის ქმარს საკონსულოსთან ელოდა, თუმცა ის შენობიდან აღარ გამოსულა.
ჰაშაღი წარმოშობით საუდის არაბეთიდანაა. ჟურნალისტი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.





