ჯარედ კუშნერი: პრეზიდენტი პუტინი ძალიან ორგანიზებულია - ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს ის, რაც მან გააკეთა, ვიღაცას - არა, მაგრამ ის, უდავოდ, პოლიტიკის დიდოსტატია, ის ისტორიული ფიგურაა
მსოფლიო

ჯარედ კუშნერი
TASS
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „ისტორიული ფიგურა“ და „პოლიტიკის დიდოსტატი“ უწოდა. ამის შესახებ მან გერმანული მედიაკონცერნ Axel Springer-ის გენერალურ დირექტორთან, მათიას დოპფნერთან, პოდკასტ MD Meets-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტი პუტინი ძალიან ორგანიზებულია. ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს ის, რაც მან გააკეთა, ვიღაცას - არა, მაგრამ ის, უდავოდ, პოლიტიკის დიდოსტატია. ის ისტორიული ფიგურაა. ყოველთვის ძალიან, ძალიან კარგად არის მომზადებული და ძალიან დაფიქრებული. როდესაც ვსაუბრობთ, ბევრ ჩანაწერს აკეთებს და შემდეგ თავის პოზიციას ძალიან მკაფიოდ აყალიბებს. სრულიად ცხადია, რომ საკითხები ძალიან ღრმად ესმის და მათზე ძალიან მყარი პოზიციები აქვს. ჩემი და სტივის [უიტკოფის] შეფასებით, მას მხოლოდ მშვიდობა არ სურს - მას სურს, სცადოს ამერიკასთან ურთიერთობების შეცვლა და ნახოს, არსებობს თუ არა გზა, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოს“, - განაცხადა კუშნერმა.
კუშნერმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინმა ამერიკელ მომლაპარაკებლებს პირობა მისცა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს.
„აქამდე პუტინი თავშეკავებას იჩენდა. ის დათანხმდა, რომ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, რაც, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია. მან დაგვარწმუნა, რომ მსგავსი განზრახვა არ აქვს“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.





