ია შათირიშვილი
მედია: ტრამპის ოჯახი გადასახადებისგან თავის არიდებაშია ეჭვმიტანილი
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: არქივი
არიდებდა თუ არა დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი თავს გადასახადებს - ამ საკითხით ნიუ-იორკის შტატის საგადასახადო სამსახური უკვე დაინტერესდა და მოკვლევა დაიწყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მიზეზი კი გაზეთ New York Times-ში გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიება გახდა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი - წარმატებული ნიუიორკელი მშენებლის ფრედ ტრამპის შვილია. დონალდი, მამამისის მსგავსად, მთელი ცხოვრება უძრავი ქონების ბიზნესში იყო, თუმცა ტრაბახობდა, რომ მილიარდები თავად იშოვა. ტრამპის თქმით, მამისგან მიღებული ერთადერთი ფინანსური დახმარება მილიონი დოლარის კრედიტია, რომელიც პროცენტებით დააბრუნა. ამ ფონზე გაირკვა, რომ ფრედ ტრამპის სამშენებლო იმპერიის წყალობით, მისმა შვილმა მთლიანობაში 413 მილიონი დოლარი იშოვა, ამასთან მისი დიდი ნაწილი - სადავო საგადასახადო მაქინაციებით, - ნათქვამია The New York Times-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში.
გაზეთის ცნობით, გადასახადებისგან თავის არიდების ყველაზე მასშტაბური სქემა ტრამპებმა 1990-იან წლებში აამუშავეს - ფრედის მიერ თავისი შვილებისთვის მემკვიდრეობის გადაცემის პროცესში და ამ სქემის შემუშავებაში საკვანძო როლი დონალდ ტრამპმა ითამაშა.
დონალდ ტრამპის ძმამ გამოცემას განუცხადა, რომ მისმა ოჯახმა მამის მეკვიდრეობიდან ყველა აუცილებელი გადასახადი გადაიხადა. პრეზიდენტის ადვოკატმა ჩარლზ ჰარდერმა სტატიაში მოყვანილ ფაქტებს „100%-ით ყალბი“ უწოდა. თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა ჰაკაბი სანდერსმა გამოთქვა ვარაუდი, რომ გაზეთს ამ პუბლიკაციისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს. თავის მხრივ ნიუ-იორკის შტატის საგადასახადო დეპარტამენტმა გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების შესწავლა დაიწყო. ამასთან, როგორც The New York Times-ი აღნიშნავს, ამ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნისათვის ხანდაზმულობის ვადა ამოწურულია, თუმცა საგადასახადო თაღლითობისთვის ჯარმის გადახდაზე ხანდაზმულობის ვადა არ მოქმედებს.





