ერდოღანი იდლიბის დაბომბვის წინააღმდეგია
მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ფოტო: Shuterstock
სირიის პროვინიცია იდლიბში ზავი უნდა გამოცხადდეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანის ლიდერთან, ჰასან როუჰანთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ერდოღანის თქმით, დაბომბვით მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება, თურქეთს კი იდლიბიდან მიგრანტების ტალღა მოაწყდება.
„ჩვენ უკვე სირიიდან 3,5 მილიონი დევნილი შევიფარეთ, იდლიბის მოსახლეობის რაოდენობაც 3,5 მილიონია“, - განაცხადა ერდოღანმა.
ზავის შესახებ წინადადებას მხარი პუტინმაც დაუჭირა, თუმცა დასძინა, რომ სამიტის მონაწილეები პასუხს ვერ აგებენ შეიარაღებული ოპოზიციისა და ტერორისტული დაჯგუფებების ქმედებებზე იდლიბში.
სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ რუსეთი, თურქეთი და ირანი გააგრძელებენ ურთიერთქმედებებს სირიაში ტერორიზმის აღმოსაფხვრელად.
სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის, თურქეთისა და ირანის სამმხრივი სამიტი თეირანში დღეს, 7 სექტემბერს ჩატარდა.
იდლიბის პროვინცია სირიაში ბოლოა, რომელსაც სამთავრობო ჯარები ვერ აკონტროლებენ. აქ დეესკალაციის ზონა იყო შექმნილი, სადაც შეიარაღებულ ოპოზიციას ოჯახებით შეეძლო ევაკუაცია.
აგვისტოს შუა რიცხვებიდან მედიაში გაჩნდა პუბლიკაციები იმის თაობაზე, რომ ბაშარ ასადის ძალები იდლიბზე შეტევას აპირებს.





