Euronews: ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯარედ კუშნერი ვერ თანხმდებიან, სამშვიდობო მოლაპარაკებების რა ეტაპზე და რა ფორმით უნდა განიხილონ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხი
მსოფლიო

AP
ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯარედ კუშნერი ვერ თანხმდებიან, სამშვიდობო მოლაპარაკებების რა ეტაპზე და რა ფორმით უნდა განიხილონ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხი, - წერს Euronews-ი.
ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის უთანხმოება სამშვიდობო მოლაპარაკებების თანმიმდევრობამ გამოიწვია - კერძოდ, მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ იმის თაობაზე, თუ როდის და როგორ უნდა დადგეს დღის წესრიგში ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა.
ევროპელი ლიდერები ამ საკითხს რუსულ ხაფანგად მიიჩნევენ და დაჟინებით მოითხოვენ, რომ პირველ რიგში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს.
თუმცა, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა, რომელიც მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ეს საკითხი დაუყოვნებლივ და პირდაპირ, მოცდის გარეშე უნდა გადაიჭრას.
„უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საბოლოოდ ჩამოყალიბება ომის შემდგომი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისგან იზოლირებულად შეუძლებელია. ეს ორი საკითხი ერთად უნდა განიხილებოდეს“, - დაწერა კუშნერმა.
მისი თქმით, ამ პოტენციურ გარანტიებს შორისაა დებულება, რომელიც ნატოს კოლექტიური თავდაცვის მე-5 მუხლის მსგავსად არის შემუშავებული და რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შემთხვევაში უკრაინის დახმარებას ითვალისწინებს.
ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უსაფრთხოების არქიტექტურაზე მსჯელობა იმაზეა დამოკიდებული, დათანხმდება თუ არა რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას და გამოავლენს თუ არა მშვიდობისადმი გულწრფელ ერთგულებას.
კუშნერის ბოლო პოსტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კომისიამ თავისი პოზიცია არ შეცვალა.
„ჩვენი პოზიცია გასული კვირის შემდეგ არ შეცვლილა“, - განაცხადა კომისიის მთავარმა სპიკერმა, პაულა პინიომ Euronews-ის შეკითხვის საპასუხოდ.





