არეტა ფრანკლინმა ანდერძი არ დატოვა
მსოფლიო

არეტა ფრანკლინი
ფოტო: shutterstock
სოულის დედოფლად წოდებულ არეტა ფრანკლინს ანდერძი არ დაუტოვებია. ამის შესახებ Foxnews-ი წერს.
მისი დაკრძალვის შემდეგ მომღერლის ოთხი ვაჟსა და ოჯახის სხვა წევრებს მოუწევთ გაარკვიონ, ვის რა ეკუთვნის მომღერლის $80-მილიონიანი ქონებიდან.
ადვოკატი დონ უილსონი, რომელიც ფრანკლინისთვის დაახლოებით 30 წელი მუშაობდა, ამბობს, რომ ვერ შეძლო მომღერლის დარწმუნება, რომ დაეწერა ანდერძი, ან მინდობილობით საკუთრებაში გადაეცა ქონება ოჯახის რომელიმე წევრისთვის.
ფრანკლინის ვაჟებმა მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში ოფიციალურად გააფორმეს დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, ისინი დაინტერესებულნი არიან ქონებით.
„იმედი მაქვს, რომ მისი ქონება მწვავე დავის მიზეზი არ გახდება. როცა ადამიანები არ ტოვებენ ანდერძს, ან სიკვდილამდე მინდობილობით არ უფორმებენ ვინმეს ქონებას, ეს ყოველთვის დაპირისპირებით მთავრდება“ - ამბობს ადვოკატი.
არეტა ფრანკლინი 31 აგვისტოს დეტროიტში დაკრძალეს. მომღერალი უკანასკნელ გზაზე 130 ვარდისფერი კადილაკის თანხლებით გააცილეს.
არტისტი 16 აგვისტოს დეტროიტში 76 წლისა გარდაიცვალა. ლეგენდარულ მომღერალს 2010 წელს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს.
მომღერალი საზოგადოების წინაშე ბოლოს 2017 წლის ნოემბერში, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე გამოჩნდა. ფონდი ელტონ ჯონმა დააარსა.
2008 წელს ჟურნალმა Rolling Stone-მა ფრანკლინი ისტორიის უდიდეს მომღერლად დაასახელა.
13 აგვისტოს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.




