ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა ოთხშაბათს კარაკასში აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს უმასპინძლა, რის შემდეგაც ორმა ქვეყანამ სამხედრო თანამშრომლობის ახალი შეთანხმების გაფორმების შესახებ გამოაცხადა
მსოფლიო
ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა ოთხშაბათს კარაკასში აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს უმასპინძლა, რის შემდეგაც ორმა ქვეყანამ სამხედრო თანამშრომლობის ახალი შეთანხმების გაფორმების შესახებ გამოაცხადა.
ტელეკომპანია NTN24-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ხვდება დელსი როდრიგესი პიტ ჰეგსეტს კარაკასში, საპრეზიდენტო სასახლეში. ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა.
„აქ ვდგავარ პრეზიდენტ ტრამპის სახელით, რომელიც მოკითხვას გიგზავნით და მოუთმენლად ელის იმ შესაძლებლობებს, რომლებიც გაჩნდება არა მხოლოდ სამხედრო სფეროში და ნარკოტერორისტებისა და კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ ერთობლივი მუშაობისას, არამედ ეკონომიკური მიმართულებითაც“, - განაცხადა ჰეგსეტმა.
აღნიშნული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის აღდგენას ნიშნავს, რომელიც 2005 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, უგო ჩავესის მმართველობის დროს შეჩერდა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, ახალი პარტნიორობა ორივე ქვეყანას მისცემს საშუალებას, ერთობლივად ებრძოლონ ნარკოტრაფიკსა და კრიმინალურ ორგანიზაციებს, პარალელურად კი გახსნის ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ჰეგსეტმა ხაზი გაუსვა ვენესუელის ბუნებრივ რესურსებს და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გზით ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისებას. მისივე განცხადებით, შეთანხმება გააძლიერებს სამხედრო კავშირებს ვენესუელის დასაცავად საგარეო საფრთხეებისგან, ნარკომოვაჭრეებისა და კრიმინალური ჯგუფებისგან.





