ბრიტანული გამოცემა The Telegraph: აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ ევროპელ მოკავშირეებთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც უკრაინა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განხორციელებული იერიშების გამო მკაცრად გააკრიტიკა
მსოფლიო

ელბრიჯ კოლბი
GettyImages
ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ ევროპელ მოკავშირეებთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც უკრაინა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განხორციელებული იერიშების გამო მკაცრად გააკრიტიკა.
სამშაბათს ბრიუსელში გამართულ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის დაძაბულ შეხვედრაზე ელბრიჯ კოლბიმ კიევი აღნიშნული იერიშების გამო მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ სამხედრო თვალსაზრისით მინიმალური ღირებულება აქვთ.
ამის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა შეხვედრა ნაადრევად დატოვა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის საიდუმლო სამხედრო ბრიფინგს აღარ დაესწრო.
გერმანულმა წყაროებმა The Telegraph-ს განუცხადეს, რომ კოლბის ქცევამ მათში გააჩინა შეშფოთება, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, ფაქტობრივად, უკრაინისა და მისი ევროპელი მხარდამჭერების წინააღმდეგ რუსეთის მხარე დაიჭირა.
ერთ-ერთმა გერმანულმა წყარომ აღნიშნა: „კოლბი აშკარად უფრო რუსეთის პოზიციებზე იდგა, ვიდრე უკრაინის მხარეს. მით უმეტეს, რომ სამხედრო აქცენტის მხოლოდ ფრონტის ხაზსა და საშუალო რადიუსის დარტყმებზე გადატანა გვაცლის იმ გადამწყვეტ ბერკეტს, რომელიც რუსეთის ოპერატიულ-სტრატეგიული წარმატებების შესაჩერებლად გვჭირდება. იმ ოთახში შეერთებული შტატები იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც უკრაინისა და დანარჩენი კოალიციის პოზიციის ნაცვლად, ღიად იზიარებდა რუსულ ნარატივს“.




