ფენიქსში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში ჯონ მაკკეინს პატივს მიაგებენ. LIVE
მსოფლიო
რესპუბლიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის ცხედარი არიზონაში, ფენიქსის ბაპტისტურ ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამგლოვიარო ცერემონია იმართება. დარბაზში მიწვეული სტუმრები არიან, მათ შორის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელსაც ჯონ მაკკეინთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა.
სამგლოვიარო პროცესია სენატორის დაბადების დღეზე გაიმართა. 29 აგვისტოს მაკკეინი 82 წლისა გახდებოდა.
პროცესიაზე სტუმრები მაკკეინის ცხოვრებას და მის პიროვნებას იხსნებენ.
ჯონ მაკკეინის ცხედარს 31 აგვისტოს კი ვაშინგტონის კაპიტოლიუმში გადაასვენებენ.
გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლისა ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელმა სენატორმა მკურნალობა შეწყვიტა.
სენატორ ჯონ მაკკეინს 2 სექტემბერს მერილენდის შტატში, ქალაქ ანაპოლისში დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიას მერილენდში მისი 106 წლის დედა რობერტა მაკკეინიც დაესწრება.
ცნობილია, რომ ცერემონიას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ დაესწრება.
დაკრძალვაზე წარმოდგენილი იქნება ქართული დელეგაცია.
ჯონ მაკკეინი რესპუბლიკელ სენატორებთან ლინდსი გრეჰემთან და დემოკრატ ემი კლობუშართან ერთად საქართველოს ბოლოს 2017 წლის იანვარში ესტუმრა და აეროპორტიდან პირდაპირ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში ჩავიდა.
29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატომ თავის ახალ შტაბ-ბინას შეიძლება ჯონ მაკკეინის სახელი უწოდოს.





