ნატომ თავის ახალ შტაბ-ბინას შეიძლება ჯონ მაკკეინის სახელი უწოდოს
მსოფლიო

ნატოს შტაბ-ბინა, ბრიუსელი
ფოტო: vkgroup
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ბრიუსელში მდებარე ახალი შტაბ-ბინისთვის ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭების ინიციატივას განიხილავს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ წევრი ტომ ტაგენდჰეთი ამბობს, რომ შესაბამისი მოთხოვნა ნატოს შტაბ-ბინაში მაკკეინის გარდაცვალების შემდეგ გაგზავნა. ტაგენდჰეთი დიდი ბრიტანეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა.
ნატოს სპიკერი, ოანა ლუნგესკუმ განმარტა, რომ ალიანსმა ტაგენდჰეთის წერილი მიიღო და CNN-თან დასძინა, რომ ინიციატივას აუცილებლად განიხილავენ.
გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელმა სენატორმა მკურნალობა შეწყვიტა.
სენატორ ჯონ მაკკეინს 2 სექტემბერს მერილენდის შტატში, ქალაქ ანაპოლისში დაკრძალავენ. ცერემონიას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ დაესწრება. დაკრძალვაზე წარმოდგენილი იქნება ქართული დელეგაცია.
ჯონ მაკკეინი რესპუბლიკელ სენატორებთან ლინდსი გრეჰემთან და დემოკრატ ემი კლობუშართან ერთად საქართველოს ბოლოს 2017 წლის იანვარში ესტუმრა და აეროპორტიდან პირდაპირ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში ჩავიდა.





