ბრიტანეთი რუსეთისგან „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში ეჭვმიტანილი ორი პირის ექსტრადიციას მოითხოვს
მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი
ფოტო: Twitter
დიდი ბრიტანეთი რუსეთისგან იმ ორი ადამიანის ექსტრადიციის მოთხოვნას აპირებს, რომლებიც სოლსბერისა და ეიმსბერიში "ნოვიჩოკით" ადამიანების მოწამვლაში არიან ეჭვმიტანილები. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება დიდმა ბრიტანეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც ფართომასშტაბიანი გამოძიება ჩაატარა, რომელშიც ასობით ადამიანი მონაწილეობდა. გამოცემა წერს, რომ გამოძიებით მოიპოვეს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ რუსეთს ორი ადამიანის ექტრადიციის მოთხოვნა წაუყენენონ.
29 ივლისს მედიამ ბრიტანეთში რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედების სქემა გაშიფრა.
ორი ბრიტანელი, 30 ივნისს სოლსბერის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაუნ სტარჯესი 9 ივლისს გარდაიცვალა, ხოლო ჩარლზ როული მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში იწვა.
იმავე დღეს რუსეთმა "ბრიტანეთის ტერიტორიაზე „ნოვიჩოკის“ არსებობის გამო შეშფოთება" გამოთქვა.
ამ ნივთიერებით იყვნენ მოწამლულები ასევე დიდი ბრიტანეთის ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, რაზეც ოფიციალურმა ლონდონმა პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ამის საფუძველი კი ის გახდა, რომ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი“, გავრცელებული ცნობით, სსრკ-ში შეიქმნა. რუსეთის ხელისუფლება ამ ფაქტს უარყოფს. სკრიპალების მოწამვლა დიპლომატიური სკანდალის და დიპლომატების გაძევების საბაბად იქცა.
სერგეი და იულია სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ და ისინი საავადმყოფოდანაც გაწერეს, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.





