Fox News: რუბიო „უსულო გლობალისტ ბიუროკრატებს“ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ისინი დემოკრატიის მგზნებარე დამცველები არიან მანამ, სანამ კონკრეტული არჩევნები მათ ინტერესებს არ დაუპირისპირდება“
მსოფლიო

მარკო რუბიო
GettyImages
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო პარასკევს სიტყვით გამოსვლისას მკაცრად დაუპირისპირდება „უსულო გლობალისტ ბიუროკრატებს“, რომლებიც „წესებზე დამყარებული წესრიგის“ არგუმენტებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესუსტებისთვის იყენებენ, - წერს Fox News-ი.
ორივე პარტიის ამერიკელი ლიდერები აქტიურად იცავდნენ „წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს“ - ომისშემდგომი ინსტიტუტების იმ ქსელს, რომელიც ამერიკამ შექმნა. თუმცა, მარკო რუბიოს განცხადებით, ეს სისტემა იმ ქვეყნის წინააღმდეგ შემოტრიალდა, რომელმაც ის ააგო.
Fox News Digital-ის ხელთ არსებული მარკო რუბიოს გამოსვლის წინასწარი ვერსიის მიხედვით, ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მარქსიზმი დასავლურ საზოგადოებაში კვლავ ძლიერ გავლენას ინარჩუნებს. ეს ხედვა განსაკუთრებით აქტუალურია კომუნისტური და მარქსისტული იდეების ზრდის ფონზე, რომლებმაც ადმინისტრაციისა და დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.
„ამ გლობალური ელიტისთვის „საერთაშორისო სამართალი“ წესების ნეიტრალური ერთობლიობა როდია. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც უნივერსალური პრინციპების საბაბით საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენება. ისინი დემოკრატიის მგზნებარე დამცველები არიან მანამ, სანამ კონკრეტული არჩევნები მათ ინტერესებს არ დაუპირისპირდება“, - ნათქვამია რუბიოს სიტყვაში.
„მიუხედავად იმისა, რომ დავამარცხეთ საბჭოთა კომუნიზმის ინსტიტუტი, მარქსის სულზე გამარჯვება ვერ მოვპოვეთ“, - ნათქვამია რუბიოს მოსალოდნელ განცხადებაში. – „ის ცოცხლობს ახალ ფორმებსა და დოქტრინებში, რომლებიც ერის ნებას მსოფლიოს უპრინციპო კონსენსუსს უმორჩილებს. მარქსიზმი თავის ტრადიციულ გამოხატულებაში ადამიანებს შორის განსხვავებების მოსპობას ცდილობდა, ჩვენი დროის რადიკალები კი თავად ერებს შორის განსხვავებების წაშლას ლამობენ“.
პარასკევს, იურისტთა ეროვნულ კონვენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მარკო რუბიო „ფედერალისტური საზოგადოების“ წევრებს მიმართავს. ის მკაცრად გააკრიტიკებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და სხვა გლობალურ უწყებებს და აღნიშნავს, რომ ისინი კანონს მართლმსაჯულების აღსრულებისთვის კი არა, პოლიტიკურ იარაღად იყენებენ.





