ვაშინგტონში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
უცხო სახელმწიფოს აგენტად მუშაობის ბრალდებით ვაშინგტონში რუსეთის მოქალაქე მარია ბუტინა დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ მარია ბუტინა 15 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედება აშშ-ში აგენტური ქსელის შემუშავება და ისეთ ორგანიზაციებში შეღწევა, რომლებიც გავლენას ახდენენ აშშ-ის პოლიტიკაზე.
ამასთან, ბრალდება არ უკავშირდება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე გამოძიებას. BBC-ის ცნობით, მარია ბუტინა სავარაუდოდ კრემლის მაღალი თანამდებობის პირების დავალებით მუშაობდა.
16 ივლისს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ლიდერებმა რამდენიმე პოლიტიკური განცხადება გააკეთეს, მათ შორის ერთმანეთის და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთს შესაძლო ჩარევის შესახებ.
13 ივლისს აშშ-ის იუსტიციის სამიმინისტროს უმაღლესმა ჟიურიმ რუსეთის "გრუ"-ს (სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო) 12 თანამშრომელს ამერიკულ არჩევნებში ჩარევაში დასდო ბრალი.
აშშ რუსეთს კიბერთავდასხმების და პროპაგანდისტული კამპანიის საშუალებით 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობას ედავება. რუსეთი არჩევნებში ჩარევის ყველანაირ მცდელობას უარყოფს.
2018 წლის თებერვალში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ბრალი წაუყენა „ტროლების ფაბრიკის“ (რუსული „ინტერნეტ-კვლევების სააგენტო“) 13 წარმომადგენელს, რომლებიც როგორც ამტკიცებენ, „2016 წლის არჩევნების წინა დღეს საზოგადოებაში განხეთქილების გაჩენის მიზნით“ სოცქსელებში კამპანიებს აწარმოებდნენ.
2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.
გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ინფორმაციას დონალდ ტრამპის და მისი გარემოცვის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებზე. ამ საქმის ფიგურანტები არიან ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი. პრეზიდენტის წინააღმდეგ მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხვევაში ეს შეიძლება მისი იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.




