ტერეზა მეი ბორის ჯონსონს სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა
მსოფლიო

ბორის ჯონსონი
ფოტო: shutterstock.com
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ბორის ჯონსონს და ასევე სხვა მინისტრებსაც თანამდებობიდან დაითხოვს, თუ ისინი ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის, მის გეგმას არ მიიღებენ. ამის შესახებ გაზეთი The Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, მეიმ მმართველ კონსერვატიულ პარტიას გაერთიანებისკენ მოუწოდა და ბრიუსელთან შეთანხმებით ნაბიჯების გადადგმა შესთავაზა. მეის გეგმაში შედის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა, რომლის პროდუქცია სამომავლო შემზღუდავ ზომებში არ შევა.
ამასთან, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ის ვინც მის გეგმას არ გაიზიარებს, თანამდებობას დატოვებს. "სანამ ჩვენ Brexit-ის პოლიტიკას ვმუშაობდით, მე უფლება მივეცი კაბინეტის კოლეგებს გამოეხატათ თავიანთი ინდივიდუალური ხედვები", - ამბობს ტერეზა მეი.
გაზეთის ცნობით, მეის და ბორის ჯონსონს განსხვავებული წარმოდგენები აქვთ სავაჭრო ზონის შექმნასთან დაკავშირებით. ჯონსონს მიაჩნია, რომ ლონდონმა ევროკავშირთან მიმართებით უფრო მკაცრი პოლიტიკა უნდა დაიჭიროს.
გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა.
ლონდონსა და ბიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები გასული წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.
გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად.





