გერმანიაში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გერმანელმა სამართალდამცველებმა ბრანდენბურგის მიწაზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებენ ბრალს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გერმანიის ფედერალური პროკურატურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომთან დაკავშირებულ ინფორმაციას აგროვებდა, მათ შორის ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოების თაობაზე.
დაკავებული, რომელსაც გერმანული მედია ვადიმ ი.-დ მოიხსენიებს, ბრანდენბურგის ოდერ-შპრეეს რაიონში აიყვანეს. პროკურატურის ცნობით, მოსამართლემ მისი დაკავების ორდერი 15 ოქტომბერს გასცა.
გამოძიების თანახმად, ვადიმ ი. რუსეთის დაზვერვასთან შუამავლის მეშვეობით, სულ მცირე, 2025 წლის ივლისიდან იყო დაკავშირებული. მას ასევე ედავებიან, რომ ევროპული თავდაცვის ინდუსტრიაში დასაქმებულ პირებთან მიზანმიმართული კონტაქტის დამყარებით მოიპოვა ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იყო.
შეგროვებული ცნობები, სავარაუდოდ, ეხებოდა არამხოლოდ ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებას, არამედ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე განლაგებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და ობიექტებსაც. გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში არსებული მონაცემების ძირითადი ნაწილი ქვეყნის შიდა დაზვერვის სამსახურმა BfV-მ მოიპოვა.





