საფრანგეთი და გერმანია ირანის ბირთვულ შეთანხმებაში დარჩებიან
მსოფლიო

ჰეიკო მაასი ჟან-ივ ლე დრიანი
ფოტო: Twitter
საფრანგეთი და გერმანია ირანის ბირთვულ შეთანხმებაში დარჩებიან, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ხელშეკრულებიდან გასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ამის შესახებ გერმანიისა და საფრანგეთის პირველმა დიპლომატებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი განმარტავს, რომ მის ამერიკელ კოლეგებთან ამ საკითხს განიხილავს. ჟან-ივ ლე დრიანი კი ამბობს, რომ ბირთვული გაუვრცელებლობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი საუკეთესო გზა 2015 წლის შეთანხმებაში დარჩენაა.
მანამდე გერმანიის პრეზიდენტმა ისაუბრა ამ საკითხზე. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ირანთან 2015 წელს მიღწეული ბირთვული გარიგების შეწყვეტას უმძიმესი შედეგები მოჰყვება.
საფრანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ირანის პრეზიდენტმა ამერიკელი კოლეგა გააფრთხილა. ჰასან როუჰანიმ განმარტა, რომ რომ თუ შეერთებული შტატები ირანის ბირთვულ შეთანხმებას დატოვებს ოფიციალური ვაშინგტონი ინანებს.
ირანთან შეთანხმების შეწყვეტას, ან შეცვლას ეწინააღმდეგება რუსეთი, რომელიც დღეს არსებულ ვარიანტს უალტერნატოვოს უწოდებს.
12 მაისს იწურება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დასახელებული ვადა, რომლის განმავლობაშიც კონგრესი და აშშ, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უნდა შეთანხმდნენ ირანთან შეთანხმებაში ცვლილებების შეტანაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპი შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება.
2015 წელს აშშ-მა, საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა ირანთან მიღწიეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თეირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის სანაცვლოდ საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ირანის მიერ ნავთობით ვაჭრობის აკრძალვის გაუქმებას.





