გერმანია: ირანთან ბირთვული გარიგების შეწყვეტას უმძიმესი შედეგები მოჰყვება
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ირანთან 2015 წელს მიღწეული ბირთვული გარიგების შეწყვეტას უმძიმესი შედეგები მოჰყვება. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
ტელეკომპანია ARD-სთან ინტერვიუში შტაინმაიერმა გაიხსენა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადება, რომ ირანთან შეთანხმების ხელმოწერით, სავარუდოდ, ომი აღიკვეთა. გერმანიის პრეზიდენტის თქმით, ეს მნიშვნელოვანი სიტყვებია და ყველას უნდა ახსოვდეს, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ შეთანხმება ჩაიშლება და ახლო აღმოსავლეთში დაიწყება შეიარაღების ზრდის ახალი ეტაპი. ირანთან შეთანხმების შეწყვეტას ეწინააღმდეგებიან დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც.
„ჩვენ გავხსნით პანდორას ყუთს და შესაძლოა, ომი დაიწყოს“, - განუცხადა გერმანულ ჟურნალს, „შპიგელს“ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. მისივე თქმით, არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ომი უნდა.
ირანთან შეთანხმების საკითხს ვაშინგტონში ვიზიტისას განიხილავს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი. მისი განცხადებით, 2015 წელს მიღწეული შეთანხმება საუკეთესო ვარიანტი იყო, თუმცა, არსებობს ხარვეზები, რომელთა გამოსწორება შესაძლებელია და დიდი ბრიტანეთი მუშაობს აშშ-სთან, საფრანგეთსა და გერმანიასთან ერთად.
ირანთან შეთანხმების შეწყვეტას, ან შეცვლას ეწინააღმდეგება რუსეთი, რომელიც დღეს არსებულ ვარიანტს უალტერნატოვოს უწოდებს. 12 მაისს იწურება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დასახელებული ვადა, რომლის განმავლობაშიც კონგრესი და აშშ, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უნდა შეთანხმდნენ ირანთან შეთანხმებაში ცვლილებების შეტანაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპი შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება.
აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ტერორიზმის მხარდამჭერ ირანთან გაფორმებული შეთანხმება ყველა დროის ყველაზე ცუდი დოკუმენტია. ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, თუ აშშ ბირთვულ გარიგებაზე უარს იტყვის, ისტორიულ შეცდომას დაუშვებს და ინანებს.
2015 წელს აშშ-მა, საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა ირანთან მიღწიეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თეირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის სანაცვლოდ საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ირანის მიერ ნავთობით ვაჭრობის აკრძალვის გაუქმებას.





