თურქეთის ოპოზიციამ საპრეზიდენტო კანდიდატი წარადგინა
მსოფლიო

მუჰარემ ინჯე
ფოტო: AA
თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის საპარლამენტო ფრაქციამ საპრეზიდენტო კანდიდატად მუჰარემ ინჯე წარადგინა. ამის შესახებ Anadolu წერს.
მუჰარემ ინჯე იალოვის პროვინციიდან „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატია. რაც შეეხება მმართველ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“, მან საპრეზიდენტო კანდიდატად მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაასახელა.
54 წლის ინჯე პოლიტიკაში წასვლამდე ფიზიკის მასწავლებელი იყო. ის 2002 წლიდან პარლამენტის წევრია.
29 აპრილს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამომრჩეველს პირველად იზმირში შეხვდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის მე-11 პრეზიდენტი და ერდოღანის ერთ-ერთი კონკურენტული ფიგურა აბდულა გიული არჩევნებში ერდოღანს კონკურენციას არ გაუწევს.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა თარიღმა გადმოიწია და ის 24 ივნისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი ჩატარდა.
საკონსტიტუციო ცვლილებები საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას (550-დან 600-მდე) და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას ითვალისწინებს.
ფართოვდება პრეზიდენტის უფლებამოსილება. ერდოღანი ქვეყანას 2029 წლამდე უხელმძღვანელებს.





