თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი არჩევნებში ერდოღანს კონკურენციას არ გაუწევს
მსოფლიო

აბდულა გიული
ფოტო: RIA
თურქეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ქვეყნის ყოფილი პრეზიდეტი აბდულა გიული არ მიიღებს. ამის შესახებ ABC News-ი წერს.
„ჩემი კანდიდატურის შესახებ საუბარი არ არის“, - განაცხადა გიულმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თურქეთის რიგით მე-11 პრეზიდენტმა (2007-2014) პოლიტიკა 2014 წელს დატოვა, თუმცა მედიაში გიული ერდოღანის კონკურენტად განიხილებოდა.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა თარიღმა გადმოიწია და ის 24 ივნისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი ჩატარდა.
საკონსტიტუციო ცვლილებები საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას (550-დან 600-მდე) და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას ითვალისწინებს.
ფართოვდება პრეზიდენტის უფლებამოსილება. ერდოღანი ქვეყანას 2029 წლამდე უხელმძღვანელებს.





